English / ქართული / русский /
ნინო სარდლიშვილინინო საჩალელი
ტურიზმში დასაქმებული ადამიანები და მათი მართვის თავისებურებები

ანოტაცია. ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის დონე დიდ -წილად არის დამოკიდებული შრომით კაპიტალზე, სწორედ პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი ქმნის იმ გარემოს რომელშიც ტურისტი თავს კომფორტულად გრძნობს, აქედან გამომდინარე აუცილებელია ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალი კადრების შრომის დაფასება, წახალისება, შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, შრომითი უფლებების დაცვაზე ზრუნვა. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად კი მათ კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა.

საკვანძო სიტყვები:  ტურიზმი, ადამიანურირესურსები, დასაქმება ტურიზმში. 

თანამედროვე ადამიანი აქტიურად მოგზაურობს, ისვენებს და იკვლევს მისთვის უცხო და საინტერესო ადგილებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურიზმი ბევრი ქვეყნისთვის შემოსავლის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ასეთი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება საქართველო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშნელოვან მამოძრავებელ ძალად იქცა. ეს სექტორი მშპ-ს დაახლოებით 11%-ს ქმნის (ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის).

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რიცხვი სისტემატურად იზრდებოდა. სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი ქვეყანაში არსებულ დასაქმებულთა 27%-ს შეადგენდა, იყო მოლოდინი რომ მშპ-ს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 10,5%-მდე გაიზრდებოდა [კვინტრაძე, 2020].

ბოლო პერიოდის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა მნიშნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე, ერთ-ერთი სექტორი რომელიც საგრძნობლად დაზარალდა, როგორც მთელს მსოფლიოში ისე საქართველოში სწორედ რომ ტურიზმის სექტორი იყო. ტურიზმის სექტორის ასეთი მგრძნობელობა მიმდინარე მოვლენების მიმართ განპირობებულია იმით რომ თავისი არსით ტურიზმი არა არის ერთი კონკრეტული, იზოლირებული სექტორი, ის რამდენიმე სხვადსხვა სექტორის ერთობლიობაა, ამასთანავე ყველა ის სექტორი სრულად არის დამოკიდებული საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აქტიურობაზე, კომუნიკაციაზე. ეს არის უშუალოდ ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სარესტორნო სექტორი. ტურიზმში უამრავი დასაქმებული ან/და თვითდასაქმებული ადამიანია, ბაზარზე ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი ოპერირებს წარმატებით, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი ქვეყნის შემთხვევაში. ქართულ რეალობაში ეს არის სფერო სადაც ასეულობით იურიდიული და ფიზიკური პირები ოპერირებენ. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ეს სფერო მიიჩნევა წამყვან და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ, სწორედ ამიტომ ჩვენი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ის დარტყმა რომელიც ტურიზმის სექტორს მიადგა პანდემიის პირობებში.

ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმის მნიშვნელობა აშკარაა, სწორედ ამიტომ მას შემდეგ რაც ეპიდ ვითარება დასტაბილურდება, უნდა მოხდეს ამ სექტორის სწორი განვითარება. ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ადამიანურ კაპიტალზე, სფეროში დასაქმებულ ადამიაებზე და მათი მუშაობის ხარისხზე. ტურიზმში მომუშავე ყველა ადამიანის მუშაობის ოპტიმალური ხარისხის მისაღწევად და შენარჩუნებისათვის საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ყველა თანამშრომლის ეფექტურ მუშაობაზე. მნიშნელოვანია ამ სფეროს როგორც მოქმედ ისე მომავალ თანამშრომელთა სწორი სწავლება. ჯერ კიდევ 1982 წელს კელი აღნიშნავს რომ „იმ ადამიანებს, რომლებიც გვთავაზობენ განათლებას და ტრენინგს ტურიზმის სფეროში აქვთ ვალდებულება ყავდეთ მომზადებული ადამიანები, საჭირო დროს და საჭირო ადგილას შესაბამისი ცოდნით და უნარებით“. ეს აზრი დღესდღეობითაც აქტუალურია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მსოფლიო მოგზაურობის და ტურიზმი საბჭოს (WTTC), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD), ახორციელებს სხვადსხვა კვლევებს და აანალიზებს სექტორს. სწორედ ამ ორგანიზაციებმა გამოიტანეს საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ ტურიზმი არის მომსახურების სფერო რომელიც გავრცელებულია სხვადასხვა ქვე-სექტორების ფარგლებში.

საქართველოში ბოლო წლებში ტურიზმის აქტუალობა საგრძნობლად გაიზარდა რამაც გამოიწვია, ის რომ ამ სფეროში გაჩნდა ბევრი სამუშაო ადგილი და დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა. ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სოფელსა თუ ქალაქს დაუბრუნდა, რადგან მიხვდნენ, რომ ტურიზმი მათთვის კარგი შემოსავლის წყარო იქნებოდა მათ რეგიონში და მათ არ მოუწევდათ დედაქალაქში ჩასვლა სამუშაოს მაძიებლად. დღეს უამრავი მაგალითი არსებობს თუ როგორ შეძლო ბევრმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი გარემო შემოსავლის წყაროდ ექცია სფერო, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

2020 წლის პანდემიამდე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი ახლად შექმნილი 4 სამუშაო ადგილიდან ერთი ტურიზმზე მოდიოდა, შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილების 10,60% (334 მილიონი) იყო შექმნილი ტურიზმში, ხოლო ტურიზმის წილი გლობალურ მთლიან პროდუქტში შეადგენდა 10.4% -ს  (9.2 ტრილიონი აშშ დოლარი), ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხა კი შეადგენდა 1,70 ტრილიონ დოლარს, რაც არის მთლიანი ექსპორტის 6.8%, ხოლო გლობალური მომსახურების ექსპორტის 27.4%.

ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში გააჩნია 5 ფუნქცია: 1. საწარმოო ფუნქცია - ტურიზმის დარგში მომუშავე საწარმოები აწარმოებენ ახალ პროდუქტებს და ხელს უწყობენ ღირებულებათა დაგროვებას; 2. მოსახლეობის დასაქმების ფუნქცია - ტურიზმი ქმნის სამუშაო ადგილებს; 3. შემოსავლის შექმნის ფუნქცია - სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად ტურიზმი ქმნის შემოსავლებსაც; 4. შერბილების ფუნქცია - ტურიზმი სტრუქტურული თვალსაზრისით ხელს უწყობს სუსტი რეგიონების განვითარებას, ასეთი რეგიონებისთვის ტურიზმი მოსახლეობისთვის წარმოადგენს შემოსავლების დამატებით წყაროს და 5. საგადასახადო ნიველირების ფუნქცია - მოცემულ ბალანსში ქვეყნის გარეთ გამსვლელი ტურისტების გასავლები უპირისპირდება შემოსავლებს, რომლებიც მიიღება უცხოელი ტურისტების მიერ მოხმარებული საქონლისა და მომსახურებისგან [Herman].

საჭიროა დაიგეგმოს ღონისძიებები რომლებიც დაეხმარება ეკონომიკის ამ სექტორს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს და კვლავ გახდეს უამრავი ადამიანის დასაქმების და ეკონომიკური დოვლათის შექმნის საფუძველი. ტურიზმის სექტორში ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ობიექტების, ტრადიციების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ხალხი, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს. მაღალკვალიფიციური კადრები ქმნიან სწორედ იმ გარემოს რომელიც უჩენს ტურისტს კმაყოფილების გრძნობას და სურვილს კვლავ ეწვიოს უკვე ერთხელ ნანახ ადგილებს. პროფესიული ტრენინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესში. უკვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დაგეგმვისას აუცილებელია კარგი გეგმის შედგენა იმის შესახებ, თუ რა უნარების ცოდნა და გაძლიერება არის აუცილებელი კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანებისათვის. კომპანიებმა, რომლებიც ტურიზმით არიან დაკავებულნი, აუცილებლად უნდა დაგეგმონ ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისათვის, რათა მათ შეძლონ მუდმივად შეიძინონ ახალი უნარები და ცოდნა, ამით კი კომპანიის მენეჯმენტი გაზრდის პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას  [Herman].

2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 71,574 ადამიანი შეადგინა, რაც 4,353 ადამიანით (6.5%) მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით; 2018 წლის 1 სექტემბერს 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 14.1%-ით, ხოლო სრულ განაკვეთზე დასაქმებულები - 6.2%-ით.

დასაქმების კრიტერიუმები ტურიზმის სექტორში:

  1. განათლება;
  2. პირადი მოტივაცია;
  3. ასაკი;
  4. კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  5. რეკომენდაცია;
  6. სხვა (სქესი, ეროვნება, ოჯახური მდგომარეობა) [Giannikis S. 2013].

მოზიდვა - პერსონალის მოზიდვისათვის აუცილებელია დავეყრდნოთ იმ პოზიტიურ მახასიათებლებს რომელიც გააჩნია მასპინძლობის ინდუსტრიას, ეს მახასიათებლებია:

  1. სტაბილური სამუშაო;
  2. სამუშაოს მრავალფეროვნება;
  3.  პერსონალური კრეატიულობის გამოყენების შესაძლებლობა;
  4.  გუნდური გარემო;
  5.  სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო [არღუთაშვილი].

როდესაც ვლინდება, რომ განათლება დასაქმების მთავარი კრიტერიუმია, აქვე აქტუალური ხდება ანაზღაურება. ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია შრომის ეფექტიანი გამოყენება, რომელიც შეუძლებელია შესაბამისი შრომის მოტივაციის თანამედროვე და პროგრესული ფორმების გამოყენების გარეშე. დასაქმებულთა მოტივაციისათვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი შრომის ანაზღაურების სისტემის შემუშავება. უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულები ყურადღებას აქცევენ შრომის ანაზღაურების მთლიან პაკეტს, ასევე ანაზღაურების შესაბამისობას შესასრულებელ სამუშაოსთან. მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერებმა მიაწოდონ ინფორმაცია დასაქმებულებს ანაზღაურების პაკეტებთან დაკავშირებით, ასევე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა კვება, ფასდაკლებები მოგზაურობაზე, პრემიები, ბონუსები და ა. შ. დასაქმებულები ცდილობენ რომ მათი ანაზღაურების პაკეტები იყოს რაც შეიძლება მაღალი, დამსაქმებლები ცდილობენ, რომ აღნიშნული პაკეტები იყოს ნორმირებული. აღნიშნულს გააჩნია გარკვეული მიზეზები, დამსაქმებლები რომლებიც ცდილობენ, რომ დასაქმებულებს შესთავაზონ დაბალი ანაზღაურება, როგორც წესი ახდენენ შედარებით დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლების მოზიდვას ორგანიზაციაში. მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები ყოველთვის ცდილობენ, რომ მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. დამსაქმებლები, რომლებიც ისწრაფვიან ხელფასების მინიმიზაციისკენ, საბოლოო ანგარიშით კარგავენ მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებს, ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული საშიშროება ორგანიზაციიდან მაღალი კვალიფიკაციის კადრების გადინების. დაბალი კვალიფიკაციის კადრები ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებზე ახდენენ გარკვეულ გავლენას, რაც აისახება ერთი მხრივ ორგანიზაციაში არსებული სერვისების ხარისხზე და მეორე მხრივ ორგანიზაციის ეკონომიკურ სარგებელზე. აქედან გამომდინარე ოპტიმალური შრომის ანაზღაურების სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ მოვიზიდოთ მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რაც საბოლოო ჯამში აისახება ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაზე [არღუთაშვილი].

რაც შეეხება პერსონალის განვითარების პოლიტიკას ტურიზმის სფეროში, წინა წლებთან შედარებით ვითარდება, შეინიშნება წინსვლა. მენეჯერები გამუდმებით ცდილობენ პერსონალის უნარების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანონ. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანური რესურსების მართვის მაღალ სტანდარტებზე და მომსახურებაზე არის ტურისტების რაოდენობა დამოკიდებული და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილის შეტანა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება აღნიშნულ საკითხს, პერსონალის შერჩევის და განვითარების პოლიტიკას საქართველოში დიდი ადგილი უნდა დაეთმოს. ყოველწლიურად ტურისტების რეკორდული რაოდენობაც მოწმობს, რომ ადამიანური რესურსების მართვის სპეციფიკა ნელ-ნელა მაგრამ მაინც ვითარდება [ლაღიძე, 2019].

ტურიზმი, როგორც სამუშაო სივრცე, თავისი ბუნებით მიმზიდველია ახალგაზრდა, გამოცდილების არ მქონე, მაგრამ ენერგიული და მოტივირებული კადრებისთვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის სექტორში ბევრია მოტივირებული მაგრამ არასაკმარისად პროფესიონალი კადრები. სწორედ ასეთი კადრების პროფესიონალიზმის გაზრდაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ რომ თავისი ბუნებით ტურიზმი სხვადასხვა ქვე-სექტორების ერთობლიობაა, თითოეულმა ამ სფერომ უნდა იზრუნოს თავისი კადრების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, ტრენინგების, გადამზადების პროგრამების შემუშავებაზე, სემინარების, სასწავლო შეხვედრების სისტემატურ ჩატარებაზე. ამ მხრივ კარგ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს გიდების ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი გიდების გაზრდას. თვის მხრივ არსებობს რესტორატორთა, სომელიეთა და მსგავსი ასოციაციები, ასეთი ორგანიზაციები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ, ისინი არამხოლოდ საკუთარი სფეროს პოპულარიზაციით არიან დაკავებული, ისინი სისტემატურად უნდა ზრუნავდნენ და ზრუნავენ კიდეც თავიანთი დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიულ ზრდაზე, ასეთი ასოციაციების შეხვედრებზე ხდება ცოდნის, გამოცდილების გაზიარება, საჭირო და საინტერესო კავშირების გაბმა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოც დღევანდელ რეალობაში დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მოხდა პრიორიტეტების ნებით თუ უნებლიეთ გადახედვა, ზოგიერთი სფერო მიზეზთა და მიზეზთა გამო ნაკლებ პრიორიტეტული აღმოჩნდა, ერთ-ერთი ასეთია ტურიზმიც, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მომავალზე ფიქრი უნდა შეწყდეს. უნდა სფეროში მყოფი სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს და სისტემატური ხასიათით ჩატარდეს ღონისძიებები რომლებიც მიმართული იქნება ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანთა ზრდასა და განვითარებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. არღუთაშვილი ვ. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. https://www.tsu.ge/data/file_db/ economist_faculty/vako.pdf
  2. ლომიძე ა. 2019. ტურიზმის მდგრადი განვითარების ინტეგრირებული და თანამონაწილეობითი მიდგომები. http://openscience.ge /bitstream/1/771/1/lomidze%20anuki.pdf
  3. ლაღიძე ს, 2019. ლაღიძე. საკადრო პოლიტიკა და პერსონალის მართვის თავისებურებები ტურიზმში. http://openscience.ge/bitstream/1/769/1/laghidze%20salome.pdf
  4. სფერო, რომელსაც საზღვრები არ აქვს. https://to.edu.ge/turizmis-spero-romelsac-sazgvrebi-ar-aqvs/
  5. ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. http://www.lmis.gov.ge /Lmis/Lmis. Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Survey&ID= 26c121ff-bdee-4295-a5e7-c00b18c7abe1
  6. Covid 19- ეკონომიკური შედეგები მსოფლიოს და საქართველოსთვის. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
  7. კვინტრაძე ნ. 2020. Contribution of tourism to the economy of Georgia and other countries of the world. https://forbes.ge/contribution-of- tourism-to- the-economy-of-georgia-and-other-countries-of-the-world/
  8. Herman S. Management of human resources in tourism. http://www.efos.unios.hr/repec/osi/ journl/PDF/ InterdisciplinaryManagementResearchXI/IMR11a16.pdf
  9. Economic Impact Reports. https://wttc.org/Research/Economic-Impact
  10. COVID-19 and employment in the tourism sector: Impact and response in Asia and the Pacific https://www.ilo.org/wcmsp5/ groups/public/---asia/---ro-bangkok/documents/ briefingnote/ wcms_742664.pdf
  11. Giannikis S. 2013. Human Resource Management in Tourism and Hospitality Industry: Recruitment Policy. https://core.ac.uk/download/pdf/236119895.pdf
  12. Visualizing the Countries Most Reliant on Tourism. https://www.visualcapitalist.com/countries-reliant-tourism/